შსს-მ ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
25/10/2021 08:14:33 სამართალი
შსს-მ ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვანების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით - მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.
მოგვიანებით, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება:
"გამოძიება არის მასშტაბური საქმიანობა და საჭიროებს ყველა დეტალის შესწავლას და ანალიზს, დაველოდოთ გამომძიებლებს - თუ საჭირო იქნება, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება საქმის გარემოებებზე".
აღნიშნულ საქმეში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოც ჩაერთო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო, სწავლობს შემთხვევას და გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას", – აცხადებენ სააგენტოში.
არსებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 13 წლის მოსწავლე თანატოლებმა სავარაუდოდ სცემეს, აღნიშნულის ამსახველი სავარაუდო ვიდეო გადაუღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაავრცელეს.


