სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებაზე იმსჯელებს
16/11/2021 05:35:27 სამართალი
დღეს, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალი 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
ადვოკატი ბექა ბასილაია ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არც დღეს მიიყვანენ, რადგან, "ხელისუფლებას სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების ეშინია".
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 10 და 15 ნოემბერს უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის მიყვანაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამჟამად განიხილება ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ორი საქმე - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის გამო უფლებამოსილების გადამეტების და საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებები.
ორივე შემთხვევაში, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიყვანაზე უარი ახსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში(სუს) ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით მიმდინარე გამოძიებით. სუს-ის ინფორმაციით, იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლა საავტომობილო გზების ბლოკირებით და უკონტროლო სიტუაციის და ქაოსის შექმნა.


