"ციხის საავადმყოფოს გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია"
16/11/2021 06:16:43 სამართალი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის პერიოდიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მას რამე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო.
მისი თქმით, გლდანის ციხის მე–18 დაწესებულებას აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია.
"სააკაშვილი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული. ამასთანავე, მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მოსალოდნელი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. შეგახსენებთ, აღნიშნული სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს. „ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.


