სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შექმნილი კონსილიუმის წევრი გამოკითხვაზე იმყოფებოდა
17/11/2021 17:26:29 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აპარატში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსილიუმის წევრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა.
კონსილიუმის წევრ ალექსანდრე ცისკარიძეს მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია:
„არ შემიძლია დეტალურად ამის შესახებ მოგახსენოთ, მაგრამ საუბარი იყო კონსილიუმის მუშაობის შესახებ".
როგორც ციხკარიძისთვის არის ცნობილი, კონსილიუმის ყველა წევრი დაბარებულია გამოკითხვაზე.
მისი შეფასებით, „ზოგადად დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ობიექტური და საქმის არსის გარკვევის თვალსაზრისით იყო ობიექტური".
#18 სამკურნალო დაწესებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ალექსანდრე ცისკარიძე პასუხობს:
„სიმართლე გითხრათ, თვითონ ვერ შევაფასებ კლინიკის პოტენციალს, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალი სამედიცინო სტანდარტი, რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიაწოდოს მას [მიხეილ სააკაშვილს]".
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია. გამოძიების დაწყების დროს ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული სპეციალურ ოპენიტენციურ სამსახურის კადრები.
კონსილიუმის წევრები ცისკარიძის გარდა, არიან: დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში; ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში; ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა კარდიოლოგიის დარგში ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის რიგები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა სახალხო დამცველმაც. მისი წევრები #18 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ნოემბერს იმყოფებოდნენ. მათ დასკვნა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.


