Accentnews.ge
დავითულიანი – ომბუდსმენის მიერ შექმნილ სამედიცინო ჯგუფზე: "ღმერთმა ქნას, ობიექტური იყოს ეს დასკვნა"

დავითულიანი – ომბუდსმენის მიერ შექმნილ სამედიცინო ჯგუფზე: "ღმერთმა ქნას, ობიექტური იყოს ეს დასკვნა"

18/11/2021 08:09:22 სამართალი

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში შემავალ ადამიანებს სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ.

მისი თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიზებულია და ჯანმრთელობა გამოიყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად.

„ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს, ჩემი აზრით ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს. მე ასე ვხედავ, შეიძლება ვცდებოდე. დაისვა თუ არა კითხვა, რატომ უნდა მოხდეს პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა, დასვა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ეს კითხვა, რომ დაესახელებინათ ერთი სერვისი, რომელსაც პენიტენციური სისტემა ვერ აწვდის პატიმარს, მაშინვე პასუხის გასაცემად შეიკრიბა რაღაც ჯგუფი ლომჯარიას მხრიდან. ღმერთმა ქნას ობიექტური იყოს ეს დასკვნა, არ ვიცი, მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი, ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო ოპოზიციის მხარეს",- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S