მოსამართლე - სააკაშვილზე: "პოლიტიკური განცხადების შესაძლებლობაც ექნება და ბრალდებაზე პოზიციის დაფიქსირებისაც"
02/12/2021 09:33:50 სამართალი
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეტების საშუალებაც ექნება და მისივე ბრალდების საქმეზე, პოლიტიკური შეფასებებისაც. ბადრი კოჭლამაზაშვილმა ეს განცხადება პროკურორების მოთხოვნის პასუხად გააკეთა და განმარტა, რომ როდესაც ბრალდებულია პირი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა, მას არ მისცე პოლიტიკური განცხადების საშუალება, დაუშვებელია:
"როდესაც პირი, ბრალდებული, აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც ის მსჯელობს იმაზე, მისი დაცვის მხარე ყოველ შემთხვევაში აქამდე, რომ მას პოლიტიკური ნიშნით სდევნიან, როდესაც მას წარდგენილ აქვს ბრალდება მისი სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და ეს სამსახურებრივი მდგომარეობა გახლავთ პრეზიდენტობის პერიოდი და პრეზიდენტობა გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, ასეთ დროს, ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც ექნება, თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც ექნება, ამავდროულად, ის არ უპასუხებს დღეს კითხვებს იმიტომ, რომ მას არ უთქვამს ჯერ–ჯერობით, რომ ჩვენების მიცემას აპირებს", – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.


