თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ და საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს
09/06/2022 06:48:50 ეკონომიკა
თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, "შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს".
"აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სამომავლოდ მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობა, რაც, მხარეების თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ თურქული კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.


