სესხების კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ
25/07/2022 14:40:38 ეკონომიკა
საქართველოში უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. არის მოლოდინი, რომ რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უკვე ადგილობრივ ბაზარზე ევროს სესხებსაც გააძვირებს: ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ქართულ ბანკებს ევროს რესურსის შესყიდვა გაუძვირდებათ, რის გამოც, როგორც უკვე გაცემულ სესხებზე, ასევე ახალ შეთავაზებებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება.
როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, მათ, ვისაც უკვე აღებული აქვთ სესხი ევროში, უახლოეს ერთ თვეში საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით იმავე მოცულობით გაეზრდებათ, რამდენითაც ევროპაში გაიზარდა (ნახევარი პროცენტული პუნქტის ფარგლებში). ახალ შეთავაზებებზე ასახვა კი შედებით მოგვიანებით დაფიქსირდება. (ამჟამად საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 5,5%–ია).
ამასთან, სპეციალისტები ელიან, რომ აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ბოლო პერიოდში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ, ადგილობრივ ბაზარზე დამატებით გაძვირდება დოლარის სესხებიც, რომლის საპროცენტო განაკვეთმაც რიგ შემთხვევებში უკვე 8%–ს მიაღწია.
„ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება საქართველოში ევროში გაცემულ სესხებზე ალბათ, ერთი–ორი თვის განმავლობაში (გააჩნია კონტრაქტს და კოეფიციენტს, რომელსაც განაკვეთიანი სესხებია მიბმული) აისახება. ამასთან, ახალ შეთავაზებებზე (როგორც ევროში ისე დოლარში) უკვე ვიხილეთ საპროცენტო განაკვეთების ზრდა. გარკვეულ ეტაპზე 8–9%–საც მიაღწევს დოლარში შეთავაზებებმა და შესაძლებელია, კიდევ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები ვიხილოთ შემდგომ პერიოდში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ უახლოეს მომავალში საპროცენტო განაკვეთების ზრდა არა მხოლოდ ლარში, უცხოურ ვალუტაშიც დაფიქსირდება“ – განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
როგორც უკვე აღინიშნა, გლობალურად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემამ რამდენჯერმე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. ამასთან, კეთდება პროგნოზები, რომ წლის ბოლომდე ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 2%–მდე გაზრდის.


