Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია – "აგენტების" კანონპროექტზე: "ეს რუსეთისთვის მიზანმიმართული საჩუქარია"

ჰელსინკის კომისია – "აგენტების" კანონპროექტზე: "ეს რუსეთისთვის მიზანმიმართული საჩუქარია"

06/03/2023 16:25:40 პოლიტიკა

უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი საქართველოში არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი არანაირად არ ჰგავს აშშ-ში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონს (FARA) და რომ ეს ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევაა.

"ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, მაგრამ უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს [კანონი] არის ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, - წერია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მწვავე პროტესტის ფონზე მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანა 7 მარტს იგეგმება. მანამდე საკითხის დღის წესრიგში შეტანა 7 მარტს, 10:00 საათზე დანიშნულ ბიუროს სხდომაზე არის დაგეგმილი. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S