პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო
22/03/2023 08:39:58 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
განხილვის დროს ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძის მიმართულებით ისროლა.
არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ წევრები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს ჯაშუშებს ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.
ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ტარიელ ნაკაიძეს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებსა და დარბაზში მყოფ ოპოზიციონერებს შორის.


