ირაკლი კობახიძე: 2028 წელსაც ვაპირებთ, საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ
17/10/2023 09:51:03 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია როგორც 2024, ისე 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აპირებს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტარებისას განაცხადა.
"არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, აქ შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, რომ უფრო ძლიერი სურათისთვის, მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო - ერთად დგამენ „კარწინკას“ სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარით. კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა ნულის ტოლია. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. ეს ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ზურაბიშვილს თავის დროზე აგენტს უწოდებდა. [...] [სალომე ზურაბიშვილი] თავს ისაწყლებს და თავს იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს, არც იმედის საფუძველი არ აქვს, იმიტომ, რომ ერთი, იცის, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე, "ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ", – განაცხადა კობახიძემ.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმავე დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "არსად მიდის და საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა რცხვენოდეს!". ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა:
"მინდა, ოპოზიციას ვურჩიო, თუ უნდათ, რომ ძლიერი სურათი დადგეს, დადგნენ ერთად და ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. თუ მომცეს სიტყვა, გამოვალ და ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია“.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


