პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ხვალ გეგმავს
17/10/2023 09:53:16 პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ხვალ გეგმავს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თავდაპირველად პაპუაშვილი აცხადებდა, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ ან ზეგ იგეგმებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მას ოპოზიციამ დაზუსტება მოთხოვა, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მისი წინადადება იქნებოდა, პარლამენტს იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ 12 საათიდან დაეწყო.
როგორც ცნობილია, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობის სურვილი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს ამის საშუალება მიეცემა.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმავე დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "არსად მიდის და საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა რცხვენოდეს!". ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა:
"მინდა, ოპოზიციას ვურჩიო, თუ უნდათ, რომ ძლიერი სურათი დადგეს, დადგნენ ერთად და ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. თუ მომცეს სიტყვა, გამოვალ და ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია“.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


