Accentnews.ge
ელისაშვილი: აუხსნელი, გაუგებარი და უხერხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

ელისაშვილი: აუხსნელი, გაუგებარი და უხერხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

17/10/2023 14:03:56 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აუხსნელი და უხერხულია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას, რომელიც არალეგიტიმურად აცხადებს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობას 2024 წლის შემდეგ.

ელისაშვილის დასკვნით, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუციებსაც აღარ უჭერს მხარს.

„გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს პუტინის დიქტატორული მმართველობის თაობაზე. საქართველოს მხრიდან ერთადერთი, ვინც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილია. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ნორმალური ქართველი მიიღებდა და ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. უბრალოდ, აუხსნელი, გაუგებარი და უხერხულია, როცა ამ რეზოლუციას საქართველოს მხრიდან მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა. შემდეგ ვისმენდი განმარტებებს და პრინციპში, განმარტება არ იყო.

აქამდე იმით მაინც იმართლებდა თავს „ქართული ოცნება“, რომ რუსეთთან მიმართებით არც ერთ საერთაშორისო რეზოლუციას არ გამოკლებია. რეზოლუციებს მაინც უჭერდით მხარს აქამდე და ახლა, როგორც ჩანს, რაღაც კიდევ უფრო შეიცვალა. არ ვიცი, რუსეთ-უკრიანის ომს როგორ აჩვენებს თქვენი, „ქართული ოცნების“ წევრების ტელევიზორები, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა და ახლა ასეთ დოკუმენტებსაც კი არ უჭერთ მხარს. რაც ძალიან უხერხულია თქვენთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები PACE-ში არ დაესწრნენ, შესაბამისად, მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც არალეგიტიმურად აცხადებს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობას 2024 წლის შემდეგ. რეზოლუციას საქართველოდან მხარი ოპოზიციონერმა ქეთევან თურაზაშვილმა (“მოქალაქეები”) დაუჭირა.

“ქართული ოცნება” PACE-ში არც აპრილში დაესწრო სხდომას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია. როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ამბობდა, უმრავლესობის წევრებს უკან დასაბრუნებელი ბილეთები დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ნაყიდი და ამიტომ სტრასბურგიდან კენჭისყრის წინა დღეს წამოვიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S