პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვის დღეს ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა შეეზღუდებათ
17/10/2023 17:40:31 პოლიტიკა
18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის დღეს პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ „ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა".
როგორც პარლამენტი აცხადებს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა". განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ხვალ გეგმავს.
რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურას, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეს არის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსი - მომხსენებელი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორებიდან ერთ-ერთი, გამოვა და წარმოადგენს პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი. იგი გამოვა როგორც თანამომხსენებელი. სხდომაზე კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა იქნება როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან. პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, არ იქნება კომიტეტის გამოსვლები. "გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა, საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა. იცით, რომ 100 ხმა იქნება საჭირო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


