Accentnews.ge
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ

18/10/2023 05:04:39 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ

ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"საქართველოს პარლამენტის განცხადება უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ*. მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

„რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს იმპიჩმენტის საკითხის განხილვის გრაფიკი და კენჭისყრის გრაფიკი. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი დაადგენს, რომ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17- 20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. აქვე გაცნობებთ, კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის რვა წევრმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი ამოიწურა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S