ბექა ლილუაშვილი: იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რეგისტრაციასაც არ გავივლით
18/10/2023 07:15:56 პოლიტიკა
დღევანდელ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ რეგისტრაციასაც არ გავივლით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორი პოზიცია იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა, თუმცა ითვალისწინებენ პრეზიდენტის მოწოდებას და დარბაზში არ იქნებიან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ თითოეული იმ დეპუტატის პასუხისმგებლობა, როგორც ქართული ოცნებიდან, ისე ოპოზიციიდან, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იქნება პერსონიფიცირებული.
"ყოფილო კოლეგებო "ქართული ოცნებიდან", ნუ დაიმძიმებთ თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებით და იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერით", - დასძინა ლილუაშვილმა.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დღეს გეგმავს.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


