Accentnews.ge
ნიკა მელია: უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ენმ-ის მენეჯმენტის შეხვედრაზე, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება

ნიკა მელია: უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ენმ-ის მენეჯმენტის შეხვედრაზე, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება

18/10/2023 07:56:45 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ენმ-ის მენეჯმენტისა და "ქართული ოცნების" დამფუძნელის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების შეხვედრის შესახებ.

მისი თქმით, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება

„უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თუმცა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ. ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს... როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯგუფი, სტატუსით გადაწყვეტილების მიმღები, რეალურად კი დავალებების შემსრულებელი, კარზე ეახლება თავის დამფინანსებელსა და „მუსიკის დამკვეთს“ (იმიტომ, რომ ასე ესმით, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს), „ბიძინასთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ჯგუფს“ ხვდება რა შეიძლება ვიფიქროთ, ან რა უნდა ვიფიქროთ: ამ ხალხისთვის მისაღებია ის კორუფციული სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. მისაღები რომ არ იყოს, ვერ მოერგებოდნენ. ეს ადამიანები დარიგებული ტენდერებით, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს, შოულობენ დღეს ფულს. რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფთან? სულ ორი: ბიძინას ინტერესის გატარება; მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის დალაგება; და რა ინტერესი შეიძლება გქონდეს შენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსგავს ხალხთან, თუ შენთვის პოლიტიკური კორუფცია მიუღებელია, თუ არსებული სისტემა, არაფორმალური მართვა ფულით, მიუღებელია, თუ ამ ადამიანების ცხოვრებისა ბიზნესის კეთების წესი მიუღებელია და თუ მისი შეცვლა გინდა და არა სახელებისა და გვარების ჩანაცვლება. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც საზოგადოება იმსახურებს პასუხებს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა“,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან კვიპროსში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელსაც ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ, ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 17 ოქტომბერს "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე საუბარი ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საჭიროებაზე იყო. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაში მონაწილე ბიზნესმენები "მზად არიან ენმ-ის დაფინანსებაზე".

ხაბეიშვილს არ დაუკონკრეტებია კეზერაშვილის გარდა, ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას.

"ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილის გარდა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო, ბიზნესმენი, ქართველი, მათ შორის, საქართველოში მოღვაწე, რომელიც შეიძლება, დღეს ითვლებოდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებულ ბიზნესმენად, ეს ხალხი და მათი წარმომადგენლები, ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რუსული პარტია უნდა დასრულდეს და ვისაც ყელში აქვს ამოსული, რაც დღეს ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონება. ჩემი აზრით, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მუშაობენ და დაიწყებენ ამის გადამოწმებას - ვიღაც საქართველოდან ჩამოვიდა, ვიღაც საფრანგეთიდან, ვიღაც გერმანიიდან, ვიღაც ბელგიიდან, ვიღაც შვედეთიდან, ვიღაც ფინეთიდან. ყველას დაველაპარაკები, ვისაც ერთი აგურის დადება შეუძლია ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის კეზერაშვილს", - განაცხადა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისას ღიად საუბრობდა იმაზე, რომ მის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები, რომელზეც პარტიამ ლევან ხაბეიშვილი აირჩია ლიდერად, 2023 წლის იანვარში ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S