ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის „ქართული ოცნების“ ხელით რუსული გეგმის განხორციელება, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ
18/10/2023 08:15:35 პოლიტიკა
პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელიც წამოიწყეს პრეზიდენტის მიერ ევროპული გზის ადვოკატირების საწინააღმდეგოდ, არის „ქართული ოცნების" ხელით რუსული გეგმის განხორციელება, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს სტატუსი".
"კენჭისყრის პროცესში ჩვენ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას, რაც შეეხება მანამდე პროცედურას, ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია. ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო სხვაგვარად დაგეგმილი პროცესი და სხდომა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შევხედავთ, რაც შეეხება კენჭისყრას, გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დღეს გეგმავს.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


