პაპუაშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: თქვენ ხართ აქ დაკვირვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, მათ შორის, რაც შეეხება ტაშს, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ
18/10/2023 09:42:34 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომლზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უსაყვედურა.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრდა და მმართველი პარტია გააკრიტიკა, ადმინისტრაციის წევრებმა ტაში დაუკრეს. ისინი სხდომას თვალ-ყურს ლოჟიდან ადევნებენ.
შალვა პაპუაშვილმა მათ ასე მიმართა:
"მე მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან განთავსებულნი ლოჟაში. თქვენ ხართ აქ დაკვირვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, მათ შორის, რაც შეეხება ტაშს და სხვა გამოხატულებას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, რომ საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ აქ განვიხილავთ, სწორედ ამას ეხება, რომ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციის ორგანოებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, უპირველეს ყოვლისა, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს. ამიტომ, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. დააკვირდით პროცესს, თქვენ არ ხართ ამ პროცესის მონაწილე”.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


