„თავად მთავრობა უნდა დაითხოვონ“ – ოთხი ევროპარლამენტარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ეხმიანება
18/10/2023 12:37:49 პოლიტიკა
ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტს და საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში.
ევროპარლამენტარები – ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი, 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, შეეზღუდა პრეზიდენტისთვის უცხოეთში ვიზიტები, არის „ცხადი მცდელობა, რომ ჩამოაშორონ პრეზიდენტი თავის კონსტიტუციით განსაზღვრულ მოვალეობას, წარმოადგინოს ქვეყანა და ქართველი ხალხის ნება“.
ევროპარლამენტარების აცხადებენ, რომ მთავრობის ქმედება არის „პრეზიდენტის კონსტიტუციური ძალაუფლების ცალსახა უზურპაცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან“. ისინი მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის მესამე და მეოთხე მუხლებზე: „არავის აქვს უფლება, მიითვისოს ხელისუფლება“; „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.
ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის „კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობით, ყოველგვარი რაციონალური დასაბუთების გარეშე, ადასტურებენ, რომ მათი განცხადებების საწინააღმდეგოდ, მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.
„ისინი საბოტაჟს უწყობენ თავიანთი ქვეყნის მისწრაფებას, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს",– ამბობენ ევროპარლამენტარები და მიიჩნევენ, რომ თავად მთავრობა "უნდა იქნას დათხოვნილი“.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, "რომელსაც მართლაც ადარდებს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, მხარი არ დაუჭიროს პრეზიდენტ ზურაიბშვილის იმპიჩმენტს" და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან საქართველოს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი დღეს, 18 ოქტომბერს, განიხილავს.


