დეპუტატი, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა
18/10/2023 13:17:46 პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო.
დეპუტატი, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა პარტია "მოქალაქეების" წევრი ალეკო ელისაშვილია.
იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ იმპიჩმენტის „შანსი ნულია”.
იმპიჩმენტზე მომხსენებელმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ პრეზიდენტს "ელემენტარული ღირსება" რომ ჰქონდეს, თვითონაც გადადგებოდა იმის მიუხედავად, პარლამენტი მოახდენს მის იმპიჩმენტს თუ არა.
თავად სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღეს პარლამენტში არა მისი, არამედ მმართველი პარტიის და ქვეყნის ბედი წყდება. "ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ" - უთხრა დეპუტატებს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან "ქართული ოცნების" წევრებს.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.


