დავითაშვილი: ტრანსკასპიური დერეფანი ეფექტური გზაა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად
18/10/2023 16:45:10 პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროს პრეს–ცენტრის ცნობით, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ტელევიზიასთან რიგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.
რელიზის მიხედვით, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „სარტყლისა და გზის ინიციატივა" მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
იხილეთ ასევე: ყაზახეთის პრეზიდენტი: "შუა დერეფანს" შეუძლია, „ერთი სარტელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი გახდეს


