Accentnews.ge
ჩემი კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ პოზიციას - იუსტიციის საბჭოში არჩეული საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი

ჩემი კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ პოზიციას - იუსტიციის საბჭოში არჩეული საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი

19/10/2023 04:54:33 პოლიტიკა

გოგა კიკილაშვილი, რომელიც პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, განცხადებას ავრცელებს. კიკილაშვილი ამტკიცებს, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნა არ უკავშირდება მის ოჯახს. საბჭოს ახლად არჩეული წევრის მამა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია. ის იმ ექვს მოსამართლეს შორის იყო, რომლებმაც, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინეს. გადაწყვეტილების მეორე დღეს, 17 ოქტომბერს კი იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს მისი შვილი, გოგა კიკილაშვილი.

კიკილაშვილი წერს, რომ მისი კვალიფიკაცია, სრულად შეესაბამება დაკავებულ პოზიციას და მის შესახებ "არასწორი და არასრული" მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.

საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის 30 სექტემბერს და კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენები განხორციელდა 2022 წლის დეკემბერში. კანდიდატთა მოსმენა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ჩანაწერები დღემდე ხელმისაწვდომია. საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. არცერთ სტატიასა თუ სატელევიზიო სიუჟეტში არ გაჟღერებულა, რომ სწორედ, ჩემი სამეცნიერო და კვლევით საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა საქართველოს პარლამენტის წინაშე, კერძოდ ის, რომ აქტიური იურიდიული პრაქტიკის პარალელურად (საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მოქმედი ადვოკატი და მედიატორი) 2015 წლიდან ვეწევი აკადემიურ საქმიანობას, ვარ სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევით პროექტებში და ვარ 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მიდინარე წელსაც მოწვეული მკვლევარის სტატუსით სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ვახორციელებ ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტსა (გერმანია) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია). ჩემი ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება ადვილად შეიძლება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, თუ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდებზე. მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია, სრულად შეესაბამება დაკავებულ პოზიციას და ჩემს შესახებ არასწორი და არასრული მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - წერია განცხადებაში.

კიკილაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევას განცხადებით გამოეხმაურა „საქართველოს სასამართლოს გუშაგი". „შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტმა მოსამართლის შვილი გოგა კიკილაშვილი, 90 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე აირჩია", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

როგორც „სასამართლოს გუშაგი" აცხადებს, იუსტიციის საბჭოს ახალარჩეულ არამოსამართლე წევრს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე არ წარმოუდგენია ისეთი ხედვები, რომლებიც შეიძლებოდა თანამდებობაზე მისი დამსახურებულად არჩევის ერთ-ერთი წინაპირობა გამხდარიყო.

„აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული ერთ-ერთი პირობაა. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება აღნიშნული პირობის შესრულების იმიტაციას ქმნის.

განვითარებული მოვლენები ნეპოტიზმის აშკარა მაგალითია სასამართლო სისტემაში, რაც, სხვა ხარვეზებთან ერთად, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას და აძლიერებს კლანურ მმართველობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გოგა კიკილაშვილის მამა, ხვიჩა კიკილაშვილი, სამი წელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე მან ხელვაჩაურის რაიონულ მოსამართლედ მუშაობის დროს განიხილა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმე (2017-2021 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი), რომელშიც მიქაუტაძეს არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები 2016 წელს მომხდარი ინციდენტისას მათი შვილის ცემაში ადანაშაულებდნენ. 13 წლის ​ბავშვის ცემის საქმეზე დაწყებული გამოძიება რამდენიმე საათში მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმედ გადაიქცა. მოსამართლე კიკილაშვილმა კი ბავშვის მშობლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აღნიშნული საქმის გამო ხაჩიძე-ხაჭაპურიძის ოჯახმა საქართველო დატოვა და დღემდე არ დაბრუნებულან. დიდმა ბრიტანეთმა 4-წევრიან ოჯახს თავშესაფარი მისცა და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S