შალვა პაპუაშვილი: ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება
20/10/2023 11:37:55 პოლიტიკა
პარლამენტის თავდჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის „თემა“ სავარაუდოდ, მალე დაიხურება.
მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა.
„ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ - პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის“ ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი“.
„ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის“ შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია. რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო ამ სიაში მოხვდა ფარცხალაძის გვარიც.
აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.
იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით ჰქონდა მიღებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობა შეუწყვიტა. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, რაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია.


