დეკანოიძე: ენმ–ში გადატრიალება მოხდა, ამით პროდასავლური ფლანგი დაზიანდა
23/10/2023 12:06:36 პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება - ასე აფასებს ენმ–ში განვიტარებულ და ამჟამადაც მიმდინარე პროცესებს დეპუტატი „ევროოპტიმისტებიდან“, ენმ–ის ყოფილმა წევრი ხატია დეკანოიძე.
„ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დადგა პარტიაში გადატრიალების შემდეგ. არასდროს ჩამითვლია, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები. როცა პოლიტსაბჭოდან რიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის წევრია დიდი ხანია (პრაქტიკულად დაარსებიდან), ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიაში მოხდა გადატრიალება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, რომ ვინმე უკმაყოფილოა იმით, რაზეც საუბრობს მელია ან რომელიმე ჩვენგანი, კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ პარტიიდან იმ ადამიანების განდევნა, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან, სწორედ იმიტომ, რომ ვიღაცის პირადი ინტერესი არ დააკმაყოფილეს, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. როცა პოლიტსაბჭოს არჩევნებზე ხდება ასეთი მძიმე მოცემულობა, აქვს თუ არა ამ პარტიას მორალური უფლება, ისაუბროს გაყალბებულ არჩევნებზე ან მოახლოებულ არჩევნებზე?!",– ამბობს დეკანოიძე.
დეკანოიძე მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბორდს, რომელზეც მელია საუბრობს, მასთანაც ჰქონდათ შეთავაზება რამდენიმე თვის წინ, თუმცა უარი თქვა.
მისი შეფასებით, ენმ–ში "ძალიან დიდი პრობლემებია" და მას არ ჰგონა, რომ პარტია მსგავსი პოლიტიკური სვლით შეძლოს ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლებას:
"ბორდზე საუბარი იყო ჩემთანაც – მქონდა შემოთავაზება. ალბათ, ნიკასაც იგივე შეთავაზება ჰქონდა, რომ რაღაც ბორდი უნდა შექმნილიყო, გადაენაწილებინა თავმჯდომარის ფუნქციები. ამ დროს რა საჭიროა თავმჯდომარე, თუ არის ბორდი, ჩემთვის გაუგებარია. მე ამ შემოთავაზებაზე უარი რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რადგან ამ თავმჯდომარის პირობებში, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიერ მოვიდა პარტიის სათავეში, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იმ ფორმაში, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს".
მისი ხედვით, პარტიაში არჩევნები სამართლიანად არ წარმართულა. ის შორსაა იმ აზრისგან, რომ მიმდინარე პროცესების თაობაზე ექს–პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყო ინფორმირებული, თუმცა საბოლოოდ დაზიანდა პროდასავლური ფლანგი და თავად სააკაშვილიც:
"პარტიიდან კონკრეტული პირების წინასაარჩევნო გზავნილები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სააკაშვილი თავისუფალია. მეტიც, ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სააკაშვილის სახელით ან მის გარშემო, არის მხოლოდ სიყალბე, რასაც ამჩნევს, ასევე, მათივე ამომრჩეველი, ალბათ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით არ იყო. ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესახებ იცოდა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ამხელა პარტია იხლიჩება, ტარდება არჩევნები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. როცა მიშა გათავისუფლდება, მერე მოგვეცემა იმის დადასტურების საშუალება, თუ რაში აწყობდა და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რამე დაზიანდა, ეს იყო პროდასავლური ფლანგი მთლიანად და მიხეილ სააკაშვილი პირადად“.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, "სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა".


