ქართული დელეგაცია ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს
23/10/2023 12:43:40 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტში მონაწილეობის მისაღებად პრაღაში იმყოფება,– იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახური.
სამიტი წელს უკრაინის და ჩეხეთის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია, კოორდინაცია გაუწიოს უკრაინისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვას. პლატფორმა მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას.
სამიტში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი გაემგზავრნენ. როგორც დაანონსდა, მონაწილეებს სიტყვით თალაკვაძე მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ ფორუმში საქართველოს მონაწილეობა "კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ბრძოლისადმი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის".
გარდა ამისა, ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პლატფორმას პარტნიორებთან საქართველოს საკითხებზე კომუნიკაციისთვის იყენებს:
„რა თქმა უნდა, ეს არის ის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ, ასევე, ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი აღნიშნულ ფორმატში და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვქონდეს მათთან საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავად ჩვენი მონაწილეობა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მხარდაჭერისა უკრაინისადმი“.


