გვარამია: ჩემი გეგმები მაქვს, ბევრის გაკეთებას ვაპირებ, მათ შორის ბორდის თავმჯდომარეობა არ შედის
23/10/2023 13:12:42 პოლიტიკა
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმირებული არ არის "ნაციონალურ მოძრაობაში" ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
"წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი. არ ვიცი, რა არის ბორდი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები",– უთხთა გვარამიამ "ფორმულას" "ვივამედში" ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ და დასძინა, "არავის კადრი არ ვარ საკუთარი თავის გარდა".
მან თქვა, რომ ამ თემაზე სააკაშვილთან არ უსაუბრია.
მას კითხეს, მისი გეგმები უკავშირდება თუ არა ენმ–ს, რაზეც გავარამიამ უპასუხა:
"ჩემი გეგმები უკავშირდება რუსეთის დამარცხებას და პროდასავლური მიმარულების გამარჯვებას. [...] მაქვს ჩემი გეგმები მაქვს, ბევრის გაკეთებას ვაპირებ, მათ შორის ბორდის თავმჯდომარეობა არ შედის და საერთოდ არ ვიცი ეს რა არის".
დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ პარტიაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არ იქნება იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" იარსებებს.
"ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:
არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.
სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე - მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება", - თქვა მელიამ.
მან დაწერა, რომ გამოიყენებს "სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს". მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადერთი პირობა აქვს - "პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება".
მანამდე "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში" "მთავარი ფიგურა" გვარამია იქნება.


