პაატა მანჯგალაძე: სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება
24/10/2023 08:41:15 პოლიტიკა
სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, რომელიც უნისონშია რუსეთთან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღნიშნა ქვეყანას გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ ახლა პარლამენტში 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა იხილებოდეს. დეპუტატი „ოცნებას“ სთავაზობს, ოპოზიციის მომზადებული პროექტები განიხილოს.
„ნაცვლად იმისა, დარჩენილი პერიოდი რეკომენდაციების შესრულებისთვის გამოვიყენოთ, „ქართული ოცნება“ გადასულია აღვირახსნილ პროპაგანდაზე, რომ დასავლეთი უსამართლოდ ექცევა ქვეყანას, თითქოს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას არ უნდა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვთავაზობთ ნაცვლად ამ პროპაგანდისტული განცხადებებისა, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად, ოპოზიციას ერთად გვაქვს ინიცირებული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული ცვლილებები, მზად ვართ, მათთან ერთად განვიხილოთ ეს ინიციატივა, ასევე საარჩევნო რეფორმაზე 2 ინიციატივა გვაქვს ინიცირებული, თუ ვერ ასწრებს „ქართული ოცნება“, მზად ვართ ჩვენი ინიციატივები განვიხილოთ. ეს არის მთავარი საკითხები, რაც ახლა უნდა იხილებოდეს. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ვნახეთ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, რომ „ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს“, რომ „სათაგურია სტატუსი“, „თავისთვის დაიტოვონ“ და ა.შ. ეს ხალხი რა ნამუსით ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსი?! ოპოზიციაში ვერ იპოვით ვერც ერთ ლიდერს, რომელსაც სტატუსი არ უნდა. სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, რომელიც უნისონშია რუსეთთან,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


