Accentnews.ge
იმნაძე – პრეზიდენტის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების გამოძიებაზე: საქმე თაროზეა შემოდებული, რომ საჭირო დროს ჩამოიღონ

იმნაძე – პრეზიდენტის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების გამოძიებაზე: საქმე თაროზეა შემოდებული, რომ საჭირო დროს ჩამოიღონ

24/10/2023 10:17:23 პოლიტიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურო იმნაძის განცხადებით, პროკურატურაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საქმე თაროზეა შემოდებული იმისთვის, რომ საჭირო დროს ეს საკითხი გააქტიურონ.

„დღეს გენერალურმა პროკურორმა მედიას დაუდასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ 2019 წელს შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ანუ, 4 წელზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს საქმეზე, რომელსაც არც ურთულესი სამართლებრივი სარჩული აქვს და არც რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულებითი/საექსპერტო გამოწვევები, თუმცა გამოძიება მაინც „მიდის“. რეალურად კი ეს საქმე თაროზეა შემოდებული იმისთვის, რომ საჭირო დროს ამ თაროდან ჩამოიღონ. სამაგიეროდ, დღეს პროკურორთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზეიმო ვითარებაში უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 5 ახალი წევრი. რაც მთავარია, ეს არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება და ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმით კიდევ ერთხელ დავიჯერებთ, რომ სწორი გეზით მივდივართ“, – წერს გურო იმნაძე სოციალურ ქსელში.

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით 2019 წელს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება.

კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება:

"პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა".

ცნობისთვის: 2019 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ შეწყალებაზე დროებთ მორატორიუმს აცხადებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S