ანა დოლიძე: გახარიას პრემიერობის დროს ხელმოწერილმა დოკუმენტმა რაჭის მოსახლეობას საარსებო წყარო ფაქტობრივად, წაართვა
24/10/2023 10:27:34 პოლიტიკა
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ხელმოწერილმა დოკუმენტმა რაჭის მოსახლეობას საარსებო წყარო ფაქტობრივად, წაართვა.
„ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს, რომ თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, რაც საქართველოს აქვს. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ ყველამ - იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი თუ ფერმერი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობიდან მიიღოს შემოსავალი და აღარ მოუწიოს ლუკმა-პურისთვის ქვეყნიდან გადახვეწა. ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ სისტემურ სიახლეს ვეუბნებით, რომ ერთპიროვნული დამალური გარიგებები და საქართველოს ბუნებრივი რესურსების ასე განკარგვა, რაც ახლა ხდება, მომავალში აღარ იქნება.
სამწუხაროდ, დღეს რომ ოპოზიციად გვევლინებიან, ის ადამიანები იყვნენ, ვინც რაჭის მოსახლეობას ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საშუალება, ფაქტობრივად, წაართვა. მე გამოვაქვეყნე დოკუმენტი, განკარგულება, რომლითაც დასტურდება 10 ათასობით ჰექტარზე ლიცენზიის ექსკლუზიურად გადაცემა და ამ განკარგულებას ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია. ეს ყველაფერი კი გადაეცა ბიძინა ივანიშვილთან და ასევე პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ ბიზნესმენს - დავით ხიდაშელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხიდაშელის „დასაჩუქრება“, ისიც გვახსოვს, რომ ეს „კარის ბიზნესმენი“ ე. წ. „ოქროს მოწმე“ იყო „კარტოგრაფების საქმეზე“. გახარიას მიერ კი, განკარგულების ხელმოწერა ნიკა მელიას ინციდენტამდე (მის დაკავებამდე) რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ანუ იქამდე, სანამ გახარია გადადგებოდა. ეს კიდევ დამატებით შკითხვებს აჩენს. ახლა, მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ შემდეგი ხელისუფლება ისეთ სისტემას შექმნის, რომ თქვენი კუთვნილი მიწა, წლები რომ ამუშავებთ, თქვენი კუთვნილი ბუნებრივი რესურსები თქვენ გარდა, ვეღარავინ განკარგოს“, - აცხადებს ანა დოლიძე.


