ანა ბუჩუკური: ნინო ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის, ქალბატონი სალომე პრეზიდენტია და მასთან ალიანსი გამორიცხულია
25/10/2023 08:42:11 პოლიტიკა
ნინო ლომჯარია საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, "აქვს ინფორმაცია ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსის შექმნის თაობაზე".
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ბუჩუკური აცხადებს, რომ მასთან ალიანსი ფიზიკურად შეუძლებელია.
„როგორც კი მოგვინდება ვინმესთან თანამშრომლობა, როგორც კი გადავწყვეტთ კარი გავაღოთ, ამას პირველ რიგში ჩვენგან თქვენ და საზოგადოება გაიგებს. რაც შეეხება მაგალითად, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, საერთოდ! ქალბატონი სალომე კი პრეზიდენტია, ფიზიკურად არის ეს გამორიცხული, რადგან ადამიანი იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ძალიან დამღლელია კობახიძის და "ოცნების" ტყუილები, დაგვანებონ თავი, კობახიძემ თავის პრობლემას მიხედოს. ლომჯარიასთან თანამშრომლობა პოლიტიკურად არ არის საინტერესო, არანაირი ინტერესი პოლიტიკური თანამშრომლობის არ არსებობს და არც არსებობდა, ყველას თავის მიმართულება, გემოვნება და ტაქტიკა აქვს, ჩვენთვის საინტერესო არ არის,"- განაცხადა ბუჩუკურმა.


