ურსულა ფონ დერ ლაიენი: არც ერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როცა ინფრასტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა
25/10/2023 13:29:54 პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპაში მკაფიო სტრატეგიული ინტერესი აქვთ, გააერთიანონ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად.
მისივე თქმით, არცერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არსებითი ინფრასტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა.
„ევროპამ წარადგინა ევროპის უდიდესი საინვესტიციო პროგრამა. როგორც იცით, ჩვენ მას „გლობალურ კარიბჭეს“ ვუწოდებთ – ეს არის 300 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა, რომელიც ითვალისიწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას, რადგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ინვესტიციების ვარიანტები არა მხოლოდ შეზღუდულია, არამედ ზოგჯერ ისინი დიდი საფასური ჯდება. ზოგჯერ ამ საფასურის გადახდა ბუნებას უწევს, ზოგჯერ დასაქმებულებს, რომლებსაც ეზღუდებათ უფლებები, ზოგჯერ უცხოელი დასაქმებულების ჩაყვანას ითვალისწინებს, ზოგჯერ კი საფრთხე ექმნება ეროვნულ სუვერენიტეტს.
არცერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არსებითი ინფრასტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა. ჩვენ ევროპაში გვაქვს მკაფიო სტრატეგიული ინტერესი, გავაერთიანოთ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად. გლობალური გამოწვევები კი არის – ვირუსი, რომელმაც საზღვრები არ იცის, კლიმატურმა ცვლილებებმა საზღვრები არ იცის და იგივე ეხება ტერორიზმის შედეგებსა და ომს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება თქვენს უსაფრთხოებაზეა დამყარებული და პირიქით. ჩვენი კონკურენტუნარიანობა იზრდება, როდესაც თქვენი ეკონომიკები იზრდება და ვითარდება. ჩვენი მედეგობა უფრო მტკიცეა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები ასევე უფრო მედეგები ხართ, მაშინ ჩვენ ყველა ვიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ევროპამ აირჩია, უფრო ახლოს იყოს თავის პარტნიორებთან. „გლობალური კარიბჭის“ დაარსებიდან ორი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ შედეგებს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023“, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.


