ირაკლი ღარიბაშვილი "აბრეშუმის გზის ფორუმზე": ევროპისგან შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას მოველით
26/10/2023 10:24:14 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს "სამართლიანი".
"ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ. [...] იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
26-27 ოქტომბერს თბილისში რიგით მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.
ფორუმი დევიზით, „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი და სხვები.


