ანა წითლიძე - როცა მარეგულირებელი კომისია ხელისუფლების ფილიალია, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები „ოცნებისთვის“ დამატებითი ბერკეტი იქნება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ
30/10/2023 08:53:08 პოლიტიკა
როცა მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ფილიალი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება დამატებითი ბერკეტი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რეგულაციების შემოღება დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტები არიან დამოუკიდებლები, ნორმალური იქნებოდა.
"როცა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, როცა მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ერთ-ერთი ფილიალი, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ხელისუფლება და გვინახავს კომისიის მიერ მიღებული არაერთი სუბიექტური გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლებამ ასე უბრძანა, ასეთ ვითარებაში ეს ცვლილებები იქნება ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტი, რომ გამოიყენოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ,“ - განაცხადა წითლიძემ.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.


