პრეზიდენტის პასუხი კითხავზე, არის თუ არა დაინტერესებული პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებით
30/10/2023 11:10:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, "არის თუ არა დაინტერესებული პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებით". შესაბამისი კითხვით მას CBS–ის ჟურნალისტმა მიმართა.
“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, საკმარისად რეაგირებს და მხარს უჭერს საქართველოს, ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:
„არა მგონია და ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. მე უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ და ვერ მოვახერხე ჩემს დონეზე, პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის რაიმე ფორმა, თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.“
დამატებით კითხვაზე, თუ რა აღიარებას გულისხმობდა, პრეზიდენტმა უპასუხა:
„იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასე ესაუბრება, მაგრამ უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის“.


