ბერაია – დავითაშვილზე: პუტინთან ერთად ვახშამზე არ ყოფილა, ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო
30/10/2023 14:25:16 პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის "პუტინთან ერთად ვახშამზე არ ყოფილა".
"ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული.
მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ [ჟურნალისტები] ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ უნდა ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი", - ამბობს ბერაია.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტაბულამ" გაავრცელა.
როგორც ბანკეტის შესახებ ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.


