"ევროოპტიმისტები" ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში იბარებენ
31/10/2023 09:29:07 პოლიტიკა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ვიცე - პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის სხდომაზე იბარებენ.
„ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკაონიძის განცხადებით, "მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყნის, ყველაზე უფრო სისხლიან მმართველს, ჰააგის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე - პრემიერი, ეს არის უდიდესი ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში".
"მაშინ, როცა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს ასეთ ფორუმებზე დასწრებაზე, სწორედ იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა მას და ჩინეთის მენეჯმენტი, მათ შორის, სინ ძინ პინის მეთაურობით ფორუმზე საუბრობდნენ იმ პროექტებზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საქართველოს დელეგაციის დასწრება ვიცე-პრემიერის შემადგენლობით, არის ძალიან მძიმე. რუსულ და ჩინურ მედიაში 17-18 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფორუმში პუტინის მონაწილეობა იყო დადასტურებული. საქართველოს დელეგაციამ ვიცე- პრემიერის ხელმძღვანელობით როცა ჩინეთში ჩავიდა, იცოდა, რომ პუტინი გამოვიდოდა სიტყვით და იმ დარბაზიდან არც ადგა და არც გამოვიდა ლევან დავითაშვილი, როცა პუტინი გამოდიოდა სიტყვით. ვიცე- პრემიერი არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი საქართველოს პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე და ამ ადამიანმა იცოდა, რომ პუტინი გამოვიდოდა ამ ფორუმზე. 15 ოქტომბერს უკვე "როიტერსმაც" კი გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინი დაესწრებოდა ფორუმზე. სად ასახა დავითაშვილმა ხალხის ინტერესი, როცა ჩინეთში ჩავიდა და პუტინის გამოსვლას დაესწრო აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ფორუმზე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ პროექტებთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება, კერძოდ, აბრეშუმის გზის სტრატეგიულ პროექტებთან და არაფერი საერთო არ აქვს დასავლურ პროექტებთან. ქვეყნები, რომლებიც ესწრებიან ამ ფორუმს არიან: თავისთავად ჩინეთი, რუსეთი, კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი და ის იყო ერთადერთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ ფორუმზე", - განაცხადა დეკანოიძემ.
"18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც, – იუწყებოდა „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს.


