Accentnews.ge
დაგროვებითი პენსია დაბალრისკიან პორტფელში დარჩება

დაგროვებითი პენსია დაბალრისკიან პორტფელში დარჩება

01/11/2023 10:47:17 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დარჩება დაბალრისკიან კატეგორიაში, თუ ისინი თავად არ გადაწყვეტენ პორტფელის შეცვლას. კანონის ასამოქმედებლად აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა.

ცვლილებების მიხედვით, ეს წესი ძალაში დარჩება 2028 წლის პირველ იანვრამდე. იგივე რეგულაცია მოქმედებდა 2023 წლის სექტემბრამდე, სანამ არ ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის ის რეგულაციები, რომელიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ანაწილებდა მოქალაქეებს სხვადასხვა პორტფელში.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" მოქმედი კანონით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგს, თუ ისინი საკუთარი ნებით არ გადაიტანდენ დანაზოგს სხვა პორტფელში, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ანაწილებდა:

  • 40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო თანხები გადანაწილდება "მზარდ" (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
  • 40 წლიდან 50 წლამდე დასაქმებულის - "შერეულ"(საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 ან 50-ზე მეტი წლის - "სტაბილურ" (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

"ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა", -ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონპორიექტის მიღებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნაკლებრისკიანი პორტფელი

თითოეული მოქალაქის დაგროვებული თანხის ძირითადი ნაწილი საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში იდება, გლობალურ აქციებში კი - მხოლოდ თანხის 20 პროცენტი. ამის გამო ეს პორტფელი ყველაზე დაბალრისკიანად ითვლება.

ასე აბანდებდა სააგენტო შეგროვებულ თანხას გასული ხუთი წლის განმავლობაში. წლიური საშუალო მოგება 9,4 პროცენტი იყო, 5 წლის განმავლობაში ჯამში 52%. წლიური მოგება ინფლაციის გათვალისწინებით კი 2,17 პროცენტი გამოდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S