კობახიძე ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს "უსარგებლო, ხელოვნურ და ჭარბ აჟიოტაჟს" უწოდებს
02/11/2023 10:30:53 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს "ჭარბ და უსარგებლო აჟიოტაჟს" უწოდებს.
მისი თქმით, "ვიღაცებს ხელოვნური და ჭარბი აჟიოტაჟით სურთ, კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა".
"ყველაზე პრობლემური საქმე არის ბებუას შემთხვევა, სადაც ვერ ხერხდება უკვე რამდენიმე წელია, წარმატების მიღწევა, თუმცა ყველაფერი კეთდება ბუნებრივია ამისთვის. და ერთი რამე მინდა, გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი რასაც ეხლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა. მაგრამ მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც ვიღაცებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა", – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია პარლამენტთან დღეს "ლელომ" გამართა. მანამდე მსგავსი ტიპის აქციები თბილისში არაერთხელ ჩატარდა.
ცნობისთვის: 19 ოქტომბერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" განაცხადა, რომ “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”.
20 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად,"ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც აფხაზეთის გამარჯვების წლისთავი აღინიშნებოდა". მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დე ფაქტო ხელისუფლებას ასევე უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ქრისტინე თალაკანძე და ასმათ თავაძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ. ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.
დე ფაქტო სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ასმათ თავაძის საცხოვრებელი სახლიდან საქართველოს პასპორტი, სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი აღმოაჩინეს. თავაძეს ასევე ედავებიან 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობას.


