ჭიაბერაშვილი: NATO-სა და ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლის გასაგრძელებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის დასრულება და სააკაშვილის გათავისუფლება
03/11/2023 07:47:30 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობაში" ეხმიანებიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს განცხადებას, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
ენმ–ის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, რომელიც, მისი თქმით, ყველა მთავრობის პირობებში უპირობოდ უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"გვსურს, მადლობა ვუთხრათ პოლონეთს, რომელიც, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში. პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი გათავისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის წინაპირობად არ დაუყენებია. იმავდროულად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს წინსვლა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის მიმართულებით, თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი დარჩება პატიმრობაში.
ჩვენ კვლავაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკვანძო საკითხებთან - ესენია დეპოლარიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება. ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლისა და ლიდერის ციხეში ყოფნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანობას. [...] "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვაცხადებთ, რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ალიანსის წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას და რომ გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, მან ასევე თქვა, რომ აქვთ მოლოდინი შიდა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით.


