Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“უერთდებიან ინიციატივას ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემის თაობაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“უერთდებიან ინიციატივას ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემის თაობაზე

03/11/2023 10:11:21 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ინიციატივას, რომელიც ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იგი მზად არის ყველა პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანამშრომლოდ.

„არასამთავრობო ორგანიზაცია, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ემიგრანტებს ონლაინ ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ცხადია, უერთდება ამ ინიციატივას, მზად არის, აბსოლუტურად ყველა პარტიასთან ნებისმიერ ფორმატში სამუშაოდ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ცხადია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი, რომელიც ჩვენს ემიგრანტებს ეხებათ. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ მიიღონ. „ნაციონალურ მოძრობას“ ამის გამოცდილება აქვს. ონლაინ არჩევნების ჩატარება, ასე ვთქვათ, შიდა პარტიულ არჩევნებში გამოვიყენეთ, რომელშიც საქართველოს 50 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ, ცხადია უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან საკუთარი ოჯახების შესანახად არიან წასულები, საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეთ, რაც არჩევნებში მათ ჩართულობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული და ემიგრანტებს ონლაინში ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ვეხმიანები გუშინდელ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა, ლევან ცუცქირიძემ, რომელიც ეხება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას.

მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ საკონსტიტუციო უფლების რეალიზების შესაძლებლობა და მათ მიიღონ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა. ამ ინიციატივას აქვს ორი მიმართულება: ერთი ეს არის ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და მეორე ეს არის მაქსიმალურად გაზრდა საარჩევნო უბნების რაოდენობის, რომ ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ასზე მეტი თანამემამულე მაინც ცხოვრობს, იყოს შესაძლებლობა, საარჩევნო უბნები გაიხსნას და მათ ჰქონდეთ უფლება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის.

ვფიქრობ, რომ ეს არის ინიციატივა, სადაც აბსოლუტურად ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩვენს ემიგრანტებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და დავარეგისტრიროთ კანონი, ჩავატაროთ განხილვები, დისკუსიები, თუ როგორ მიეცეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათი მეშვეობით შეიქმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული, უსაფრთხო და ონლაინში ექნება შესაძლებლობა ემიგრანტებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

მაგალითად, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით და შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ემიგრანტს, თანამემამულეს ჰქონდეს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყნებში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მივმართავ საზოგადოებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის გარშემო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ცუცქირიძეს ამ ინიციატივისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ საკუთარი უფლების რეალიზების შესაძლებლობა".

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) იწყებს კამპანიას, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ონლაინ შეძლონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S