სალომე სამადაშვილი განმარტავს, რა გზავნილებით მიდის ბრიუსელში
03/11/2023 10:16:37 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომელთა ჩატანასაც ბრუსელში გეგმავს.
მისი თქმით, ის ბრიუსელში ქალი დეპუტატების ნაწილის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ წერილს პირადად გადასცემს ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას.
„მომავალ კვირას ვგეგმავ ვიზიტს ბრიუსელში. ჩვენი გზავნილი მარტივია: საქართველოს გყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მაგრამ ყველა ხელისუფლება, მათ შორის, ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი არის დროებითი და მუდმივია მხოლოდ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.
სწორედ ამიტომ, ამ წერილის გარდა, ბრიუსელში მივდივარ ჩემი პარტიისგან ორი მთავარი გზავნილით: ერთი რომ არ შესრულდეს რუსეთის დავალება, რომლის მოთხოვნით ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა რეკომენდაციის შესრულება, მიეცეს შანსი ქართველ ხალხს გააგრძელოს ევროპისკენ მოძრაობა და სტატუსის სახით მიიღოს დაპირება, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მეორე გზავნილს რაც შეეხება - ჩვენ დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება არის ევროპული მეგობრებისგან დახმარება, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ რუსული რეჟიმი, რათა ამით დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვაქციოთ რეალურ შანსად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.


