ვაშაკიძე: როგორი იქნება შავი ზღვის და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, ნათელი გახდება მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის ნიშნების მქონე გლობალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ
03/11/2023 16:13:26 პოლიტიკა
„ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და პარტიის გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე კონფერენციაში „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ მონაწილეობდნენ, რომელიც 3 ნოემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ „სამოქალაქო ინიციატივების და ინოვაციების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
მოხსენებაში „საქართველო და შავი ზღვისა და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტეტურა“ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ისაუბრა იმ მსოფლიო და რეგიონულ საფრთხეებზე, რომლებიც არსებობს ზოგადად და ზეგავლენას ახდენს საქართველოზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, მის დღევანდელ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს.
„მსოფლიო პრაქტიკულად გლობალური დაპირისპირების პროცესშია შესული და თუ როგორი იქნება შავი ზღვის და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, ნათელი გახდება მხოლოდ მსოფლიო ომის ნიშნების მქონე გლობალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ. მომავალი ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.


