ირაკლი კუპრაძე: ევროკომისიის დასკვნის მიუხედავად, საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა ხელისუფლების შეცვლაზე უნდა იმუშაონ
05/11/2023 11:31:16 პოლიტიკა
„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დასკვნის მიუხედავად, საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა ხელისუფლების შეცვლაზე უნდა იმუშაონ.
მისი თქმით, "პრორუსული ხელისუფალი მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს".
„8 ნოემბერი არის მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი დასკვნა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ უკვე შუალედური დასკვნა, სადაც ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ანალიზზე დაყრდნობით ეწერა, რომ 12 პუნქტიდან მხოლოდ სამი პუნქტი შესრულებული იყო, მას შემდეგ გავიდა 2 თვე და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. რაც ცალსახად ნიშნავს, რომ სავარაუდოა, რომ ევროკომისიის დასკვნა იქნება ძალიან კრიტიკული 12 პუნქტთან მიმართებით, თუმცა მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ რეფორმების მიღმა არსებობდეს გეოპოლიტიკური ხედვა და ანალიზი ევროკავშირისგან, ევროკომისიის მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით დარჩეს შუალედური დასკვნის, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს დადებით პასუხს კანდიდატის სტატუსზე. ცალსახაა, რომ საქართველოს მოსახლეობა 30 წლის განმავლობაში იცავს ევროპულ ღირებულებებს და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ამჟამად დროებითი უბედურება „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც აუცილებლად დასრულდება. იმის გამო, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე „ქართული ოცნების“ ყოფნა ემთხვევა ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის 30-წლიანი შრომა და ძალისხმევა არ უნდა დაიკარგოს. ნებისმიერ შემთხვევაში დასკვნა იქნება დადებითი თუ უარყოფითი, ცალსახაა, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იმუშაონ ხელისუფლების შეცვლაზე, ხელისუფლების ცვლილება არის გარდაუვალი, თუ ჩვენ გვინდა რეალური ევროინტეგრაცია. [...] „ქართული ოცნების“ პირობებში, რომელიც ემსახურება რუსეთის და კრემლის ინტერესებს, რეალური ევროინტეგრაცია არის შეუძლებელი. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიუხედავად 2024 წელი უნდა იყოს გარდამტეხი და მთელი შრომა, ძალისხმევა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა მივმართოთ აქეთკენ, რომ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალოს პრორუსული ხელისუფალი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის: ევროკომისია საქარველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს. ხოლო დეკემბერში ევროპული საბჭოს ლიდერები საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.


