Accentnews.ge
საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები სტუმრობენ

საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები სტუმრობენ

06/11/2023 08:26:31 პოლიტიკა

2023 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

"აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. გაფართოების პაკეტის გამოქვეყნებას. ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს", – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ევროკომისია საქარველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს. ხოლო დეკემბერში ევროპული საბჭოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S