შალვა პაპუაშვილი: იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება
06/11/2023 10:41:27 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, "ის, რომ შარშან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, უსამართლობა იყო".
„შეფასებებთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას, ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა სტატუსს. ის იყო ლიდერი მაშინაც და ახლაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, ყოველი დღე მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა, უსამართლობის დღე იყო. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება ამ უსამართლობის აღმოფხვრა იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. წლინახევრის განმავლობაში, მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს წინაშე იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
ევროკომისია საქარველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს. ხოლო დეკემბერში ევროპული საბჭოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.


