ბერაიას პასუხი ელისაშვილს: გადადგომას არ ვაპირებ, ყველამ კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ!
13/11/2023 09:02:01 პოლიტიკა
" გადადგომას არ ვაპირებ, ყველამ კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ!", – ასეე მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ "მოქალაქეების" წევრ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ბერაიას თანამდებობის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
როგორც ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, "სპეკულაციები უნდა დასრულდეს".
„მე ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. დღესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესაბამისად, ამ თემაზე მეტი დეტალის თქმას არ ვაპირებ, ყველაფერი არის ნათქვამი. ასევე, ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ! მანამ, ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოგთხოვთ ბოდიშის მოხდას, იმიტომ, რომ მივიჩნევ, თქვენი აზროვნება და თქვენი შეგნება ამას ვერ შესწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი!“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მანამდე, ელისაშვილმა ბერაიას ასე მიმართა:
"სირცხვილია ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს, ღირსება უნდა დაბრუნდეს! უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე, იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად და ჯანმრთელად სიტუაცია, სანამ ამ თანამდებობას იქნები ჩაბღაუჭებული, როგორც ახლა იქცევი. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ, რომ სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. აქ ღირსება უნდა იყოს. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არცერთ კომიტეტს, ყველა კომიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ, ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იგრძნობოდეს და უნდა იყოს ღირსება. ახლა ეს არ იგრძნობა, დაკარგულია, შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაია!".


