Accentnews.ge
"დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს

"დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს

31/10/2023 12:25:47 პოლიტიკა

"დებილი", "ბანძი", უსინდისო", – ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთი შეამკეს.

უშვერი სიტყვების კორიანტელი მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და ხვიჩიას ასე მიმართა:

„დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგი არის სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ… უბრალოდ არ მინდა, ახლა აი აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც კი ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში. მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება, მიაღწიოთ, დარწმუნებული იყავით, რომ შეიძლება, ერთხელ შეგატაროთ იმ მავზოლეუმში. აი, წითლიძემ შეიძლება, ერთხელ შეგატაროთ, პატივი დაგდოს და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც, იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით. აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ. ეს გამორიცხულია ასე რომ მარტივად ხდებოდეს იქ. დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა. რას ლაპარაკობთ ახლა? თქვენ გგონიათ, რომ ესე მარტივად იქნება ეგ ამბავი? ან გიორგი ბარამიძე და სხვები დაგითმობენ მის ნახმარ ტანისამოსს? როგორ გგონიათ ეგ?

სერიოზულად რომ გითხრათ, რაც შეეხება, ეს ტრაგიკომედიაა… მე მოვუწოდებ პარლამენტის თავჯდომარეს და ყველა დეპუტატს, აზრი დაატანეთ. აი თქვენ ბრძანებდით რომ გონი დაატანეთო. მე გეუბნებით, გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება იყო მსჯავრდებული ადამიანი, მათ შორის ძალიან მძიმე დანაშაულის გამო, მაგრამ იყო ღირსებისგან დაცლილი და იყო უფარჩაკესი…“- მიმართა ღუდუშაურმა ხვიჩიას.

საპასუხოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა ანა წითლიძემ მას "დებილი" უწოდა:

"შენ ხარ დებილი".

ამ რეპლიკას ღუდუშაური შემდეგნაირად გამოეხმაურა:

„შენ ხარ ბანძი. შენ ხარ ბანძი ადამიანი, ტყვილა ეხლა… ბანძი ხარ, ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. არ გეტყვი იმას… იმ ქალების, იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი ეხლა. წადი ეხლა აქედან, რა წადი, შე ბანძო გაიარე, ეხლა რა, ფარჩაკი, ბანძი რა“.

მოგვიანებით, კი წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ალუდა ღუდუშაურს ერთ მშვენიერ დღეს წითელი საღებავი რომ შეესხას სახეში არ უნდა გაუვირდეს":

„ამას ჰგონია შეურაცხყოფა მომაყენა ამ მიმართვით. პარლამენტის თავმჯდომარე რომელსაც ესმის ეს შეურაცხყოფები და მიკროფონს არ უთიშავს, არამედ აგრძელებინებს ლანძღვა გინებას – მერე ნუ გაუკვირდება ალუდას ერთ მშვენიერ დღეს წითელი საღებავი რომ შეესხას სახეში. სულ მანდატურები ვერ უშველიან".

კიდევ ერთი ქალი დეპუტატი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თეონა აქუბარდიაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ მას „უსინდისო“ უწოდა.

ბერაიას თქმით, თეონა აქუბარდია ავრცელებს „ტყუილს და დეზინფორმაციას“, თითქოს ქართულმა დელეგაციამ NATO-ს ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას.

„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და არაერთი ჩემი შენიშვნა როდესაც ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, იყო გაქცეული ან შოპინგზე, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით: „პახმელიაზე ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა“ და მე არასდროს საკუთარი თავისთვის უფლება არ მიმიცია და არც ჩემს კოლეგებს იმის უფლება, რომ მისთვის ბრალი დაგვედო მტრის დავალების შესრულებაში“, – განაცხადა ბერაიამ.

ამის შემდეგ მან განაგრძო საუბარი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსულ სამხედრო პორტზე და თქვა, რომ აქუბარდიას „როგორც ჩანს, აღქმის და გააზრების პრობლემა აქვს“:

„ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავადაა წყარო, ჩვეულებრივი მარია ზახაროვას ანალოგი, ეტყობა მისთვის დიდი პატივია, რომ ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან კომიტეტში, რომელმაც ოთხჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად და სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, ართუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის, არამედ საერთოდ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. რეალურად აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ან ოკუპაციაზე ფიქრი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ, მიზეზია ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა, მისნაირებთან და ვიღაცებთან სელფების გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ და შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.

ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, „იმას, რაც "ოცნების" კაცუნამ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია":

„იმას, რაც "ოცნების" კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა, ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს–ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია "ოცნებას" წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუს–ს და "ოცნებას" ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა:

"ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მძიმეა, როცა ჩვენს გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უსამართლოდ, უაპელაციოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი აქვს ამას. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ისახავდა მიზნად, მეორე ნაწილში გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო. სხვა კომენტარის გაკეთებას ამაზე არ ვაპირებ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია".

ცნობისთვის: 2019 წელს პარლამენტმა ეთიკის კოდექსი მიიღო. კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრები ვალდებული არიან არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირების ღირსება.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S