სააკაშვილი: "ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ, ჩემ რეაბილიტაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა სჭირდება"
20/11/2023 09:07:54 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად კი, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იძახის, რომ მე უცხოეთში გამგზავრების სურვილი აღარ მაქვს. საქმე იმაშია, რომ ეს ჩემ სურვილზე დამოკიდებული არ არის. სამწუხაროდ, ჩემ რეაბილიტაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა სჭირდება, ეს ასეა და, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში", – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს" შეიწყალებს მას. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის "ელექტრონული სამაჯურის" გაკეთების ინიციატივა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.


