პრეზიდენტი – თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა
23/11/2023 12:12:38 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
"ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან", – აცხადებს პრეზიდენტი.
ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია";"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";"რეფორმების ჯგუფი";"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";"ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის თანახმად, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.


